საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა მთავარი არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.
“საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. მისი კონსტიტუციური უფლებაა, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, ვისი შეწყალებაც სურს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აცხადებს ელჩი.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომ ნიკა გვარამია იყოს თავისუფალი, ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ეხება.
“როგორც იცით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი პრინციპია, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება გამოქვეყნდება ოქტომბერში და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებსა და პრემიერმინისტრების დონეზე წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ მომდევნო ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში“, – თქვა ჰერჩინსკიმ.