„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა
მისი თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა.
„იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის.
ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო.
ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ეთერში.