ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის საბჭოს ელჩებმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან, მოგზაურობასთან დაკავშირებული ახალი ზომები შეათანხმეს.
The Guardian-ის ინფორმაციით, სამგზავრო შეზღუდვები სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს იმ ქვეყნებისთვის, სადაც კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტების მაღალი სიხშირე გამოვლინდება.
გაიდლაინების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებმა შეზღუდვების გარეშე, მათ შორის სავალდებულო კარანტინის გარეშე, ვიზიტორები მხოლოდ მკაცრი კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა მიიღონ.
ვიზიტორი უნდა იყოს ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე კორონავირუსის 25-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
შეთანხმება გაიდლაინს წარმოადგენს წევრი ქვეყნებისათვის, რომლებსაც საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ სასაზღვრო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, გერმანიამ, უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ხოლო ბელგიამ არასავალდებულო მოგზაურობა მარტამდე აკრძალა.