ევროკავშირმა მექანიზმი დაამტკიცა, რომელიც წევრი ქვეყნების სპეციალური ნებართვის გარეშე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპორტს კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული მექანიზმი ევროკავშირის გარეთ ვაქცინების ექსპორტის ნებართვას 2021 წლის მარტის ბოლომდე ითვალისწინებს.
„ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის ვაქცინაზე დროული წვდომის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის გარეთ ვაქცინის ექსპორტის გამჭვირვალობის არარსებობის პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ევროკომისიამ ახალი ზომა დააწესა, რომელიც ამგვარი ექსპორტისთვის წევრი სახელმწიფოების ნებართვას ითხოვს.
ეს სქემა მხოლოდ იმ კომპანიებისგან ექსპორტს ეხება, რომლებთანაც ევროკავშირმა წინასწარი შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დადო“ – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ასევე ევროკომისია განმარტავს, რომ ეს ზომა მეზობელი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებას არ შეეხება.
„საერთაშორისო სოლიდარობიდან გამომდინარე ევროკავშირმა აღნიშნული მექანიზმიდან გამორიცხა ვაქცინების მიწოდება ჰუმანიტარული დახმარების ან COVAX-ის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.