ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი უნგრეთის ხელისუფლებას ანტი-LGBT კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს
„ჰომოსექსუალობა პორნოგრაფიასთან არის გაიგივებული. ეს კანონმდებლობა ბავშვების დაცვას იყენებს საბაბად და სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების დისკრიმინაციისკენ არის მიმართული. ეს სირცხვილია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ევროკავშირის კანონმდებლობის სრული ძალის წინაშე აღმოჩნდება, თუ უკან არ დაიხევს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ კომისიას შეუძლია გახსნას ახალი იურიდიული საქმე უნგრეთის წინააღმდეგ, ასეთი ნაბიჯები შეიძლება მოიცავდეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და ბუდაპეშტისთვის ევროკავშირის სახსრების გაყინვას.
გამოცემის ცნობით, ივნისში ევროკავშირის ლიდერების დახურულ კარს მიღმა დაძაბული დისკუსიის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განუცხადა, რომ პატივი ცენ ევროკავშირის ტოლერანტობის ღირებულებებს ან დატოვონ ბლოკი.
ცნობისთვის, 15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში LGBT მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში აიკრძალება ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა LGBT თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ.
ავტორი: მერაბ ცაავა