გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„იყო ძალიან საინტერესო დისკუსია. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას. ჩვენი ამოცანა იყო, დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა პარტნიორებისთვის. რაც შეეხება გიგი უგულავას, საზოგადოებას რა ინფორმაციაც აქვს, ის ინფორმაცია მივაწოდეთ ევროპარლამენტარებსაც. ავუხსენით, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას საარჩევნო მიზნებისათვის. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ არც საქართველოში და არც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კითხვები არ არის საქმის დეტალებზე. გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ და დეტალური განმარტება მივეცით. ყოველი წელი საქართველოში, პრაქტიკულად, საარჩევნოა და თუ ასე გავყვებით გამოძიების დროს, მაშინ ვერანაირი გამოძიება ვეღარ ჩატარდება საქართველოში. საქმის შინაარსთან დაკავშირებით აქ კითხვები არ ყოფილა და ეს კითხვები არც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.