,,საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ. ზუსტად ეს არის პრობლემა. დღეს ერთი ჟურნალისტი, ხვალ მეორე აქტივისტი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი. ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ,“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოდან გამგზავრებისას განაცხადა, რომელიც “მთავარი არხის” დამფუძნებელთან მე-12-ე დაწესებულებაში არ შეუშვეს.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას საქმე ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნათელი მაგალითია.
,,პასუხის გაუცემლობა ჩვენი უპატივცემულობაა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული იყოს და დასავლელი პარტნიორების დღის წესრიგში დაბრუნდეს. მანამდე საქართველო პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, კანონის უზენაესობისა და რეფორმების გატარების მოდელი იყო. ახლა კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რომ მიიღოთ, ამისთვის ბრძოლა გვიწევს. პირადად ჩემთვის, ეს გულდასაწყვეტია. საქართველოში დაცული არავინაა. შეიძლება ყველა დააკავონ. ზუსტად ეს არის პრობლემა. დღეს ერთი ჟურნალისტი, ხვალ მეორე აქტივისტი, შემდეგ ისევ ჟურნალისტი. ეს არის ის, რასაც რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ. ძალიან სახიფათოა, როცა სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება შეგიძლია. სურვილი გვაქვს, რომ თქვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და გამჭვირვალე პროცესები ვიხილოთ. როდესაც ნიკა გვარამია დააკავეს, ჩვენ ეს ვერ დავინახეთ,“ – თქვა ევროპარლამენტარმა
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიას მონახულების უფლებას ითხოვდა. მან თავდაპირველად პენიტენციურ სამსახურს მიმართა ნიკა გვარამიასთან შესვლის ნებართვაზე, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ კი იუსტიციის მინისტრ ბრეგაძეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რაზეც უწყების ხელმძღავნელმა პასუხი არ გაუცია.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა.
ავტორი