“ვამჩნევთ “ქართული ოცნების” გადახრას რადიკალურად კონსერვატიული ღირებულებებისკენ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ევროპის სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, “ქართული ოცნების” ყოფილი პარტნიორი და მოკავშირე, ნაჩო სანჩეს ამორი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.
“ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად და თავისუფლად გადაწყვიტოს, ვისთან სურს მეგობრობა. ორბანის სიტუაცია სულ სხვაა, რადგან უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, სერბეთი კი არა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას კარგად ესმის, რა სურს ევროკავშირს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება უპირატესად პროევროპულია და ახლა მთავრობამ შექმნა გარკვეული ეჭვები ამ პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებით. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ იმ 9-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რომელსაც მხარს ვუჭერთ, თუმცა ზოგიერთ ლიდერთან უფრო ახლო კავშირების ქონა ცუდ გზავნილს ნიშნავს. მისტერ ორბანი და მისტერ ვუჩიჩი კი არ არიან ცნობილნი, როგორც პროევროპელი ლიდერები. პირიქით, ისინი უფრო ახლოს არიან რუსეთთან. რაც ჩვენთვის სამწუხაროა, მაგრამ ასეა თუ ისე, ეს “ქართული ოცნების” არჩევანია.
ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეწყო „ქართული ოცნების“ გარიცხვის პროცედურა სოციალ-დემოკრატიული ოჯახიდან, იმიტომ რომ დავინახეთ პოლიტიკური ნების ნაკლებობა ჩვენს ღირებულებებთან დაახლოების მიმართულებით. ჩვენ რამდენჯერმე გავუგზავნეთ მესიჯი “ქართულ ოცნებას” და ვუთხარით: კოლეგებო არ გვესმის თქვენი ზოგიერთი ნაბიჯი, ვერ გავიგეთ თქვენი საგარეო პოლიტიკის მიმართულებები. ვამჩნევთ პარტიის გადახრას რადიკალურად კონსერვატიული ღირებულებებისკენ, რაც შეიძლება მოსაწონი იყოს ევროპის სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვის, მაგრამ არა სოციალ-დემოკრატებისთვის. მე მახსოვს თბილისში 5 ივლისის ინციდენტი და ხელისუფლების რეაგირება ამაზე. ძალადობა თავისთავად შემაშფოთებელი იყო, მაგრამ უფრო შემაშფოთებელი იყო ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც სრულად სცილდებოდა სოციალ-დემოკრატიულ ფასეულობებს.
ჩვენ ძალიან ბევრჯერ გამოვხატეთ ჩვენი წუხილი, შეშფოთება, ბევრი მესიჯი გავუგზავნეთ მათ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო “ქართული ოცნების” გარიცხვის პროცესი სოციალ-დემოკრატიული ოჯახიდან და ამის შესახებ მათ შევატყობინეთ კიდეც. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” დაგვასწრო და თავად გავიდა სოციალისტური ოჯახიდან. თუმცა, მთავარი პრობლემა იყო ჯახი და წინააღმდეგობა ფასეულობებსა და პრინციპებში, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ჩვენ სოციალ-დემოკრატებს. „ქართული ოცნების“ მიდგომები და პრინციპები სრულიად განსხვავდებოდა ზოგადად იმ მთავარი ფასეულობებისა და ღირებულებებისაგან, რომელიც გვაქვს ჩვენ- ევროპელ სოციალ-დემოკრატებს, – ამბობს ის.
წყარო: მთავარი არხი