ჯორჯიის შტატში გამართული აშშ-ის კონგრესის არჩევნების მეორე ტურის შედეგად, „დემოკრატებმა“ სენატზე კონტროლი მოიპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას FINANCIAL TIMES ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტურში „დემოკრატების“ კანდიდატებმა, რაფაელ უორნოკმა და ჯონ ოსოფმა გაიმარჯვეს.
როგორც გამოცემა წერს, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატების გამარჯვების შემდეგ, ორივე პარტიას სენატში თანაბარი რაოდენობის ადგილები აქვს, თუმცა „დემოკრატებს“ უპირატესობა აქვთ, ვინაიდან აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება.
სენატზე კონტროლი მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ინიციატივების დამტკიცების კუთხით. გარდა ამისა, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვინაიდან აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას წამყვან თანამდებობზე კანდიდატურების დასამტკიცებლად სენატის თანხმობა დასჭირდება.
































































