შეერთებული შტატები უარს ამბობს G7-ის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ) განცხადებაში რუსეთი აგრესორად მოიხსენიონ _ ეს განცხადება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავს ეძღვნება, _ იუწყება Financial Times.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ომის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა, ზელენსკის “დიქტატორი არჩევნების გარეშე” უწოდა და შესთავაზა რუსეთს, დაბრუნდეს G7-ში.
დასავლეთის ოფიციალური პირების თქმით, აშშ-ის ელჩები აპროტესტებენ ფრაზას _ „რუსული აგრესია“ და მსგავს ტერმინებს, რომლებსაც G7-ის ლიდერები 2022 წლიდან იყენებენ რუსეთ-უკრაინის ომის აღსაწერად.
მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ტრადიციულად გამოაქვეყნეს მხარდამჭერი განცხადება 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის სამი წლისთავზე.
„ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის განსხვავება უნდა იყოს _ ისინი არ არიან ერთი და იგივე, _ განუცხადა Financial Times-ს ჩინოვნიკმა, რომელიც ამ საკითხში კარგად არის ინფორმირებული, _ ამერიკელები ბლოკავენ ფორმულირებას _ „აგრესორი“, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ და შეთანხმების იმედი გვაქვს“.
გასულ წელს G7-ის ლიდერების განცხადებაში ხუთჯერ იყო ნახსენები „რუსული აგრესია“: „მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, _ ნათქვამია 2024 წლის განცხადებაში.