პროექტის „გააცოცხლე გურიას“ ფარგლებში ლანჩხუთის მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საინფორმაციო გაცნობითი შეხვედრა გაიმართა გერმანიის ქალაქ რემშაიდის მუსიკალური და ხელოვნების დეპარტამენტის უფროსთან თეონა გოგიჩაიშვილთან. თეონა წარმოშობით ლანჩხუთიდან, სოფელ ლესიდანაა და უკვე მრავალი წელია, რაც გერმანიაში საქმიანობს.
თეონა გოგიჩაიშვილი 2011 წლიდან საერთაშორისო ფოტოფესტივალის „ქოლგა თბილისი ფოტოს“ თანაორგანიზატორი და კურატორია.
ზემონახსენები შეხვედრის მიზანია, გამოიკვეთოს კულტურის წვლილი ტურიზმში და რა შეიძლება ამ კუთხით განხორციელდეს გურიაში, კერძოდ კი ლანჩხუთში.
ვინაიდან, პროექტის „გააცოცხლე გურიას“ ერთ-ერთი მიმართულებაა კულტურული ტურიზმი, რომლის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ჩართულობა, სამომავლოდ თეონა გოგიჩაიშვილის თანამონაწილეობით იგეგმება გურიაში საზაფხულო ბანაკის გაკეთება. ბანაკში ქართველ ემიგრანტებს საშუალება ექნებათ, უკეთ გაეცნონ საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ფოლკლორს და ასე შემდეგ.