„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთელი წევრი გივი ცინცაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს სათაურით „გაჩეხილი აცანა“. თან ფოტოებსაც ურთავს.
ცინცაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ უწყების მიერ გაცემულ ნებართვას სამი დაავადებული ნაძვის ხის მოსაჭრელად ათობით ჯანსაღი ხეც მიაყოლეს. ოპოზიციის წარმომადგენელი მომხდარში აცანის მაჟორიტარს ემზარ თევდორაძესა და სოფლის რწმუნებულს იზა მათითაიშვილს ადანაშაულებს.
„აცანა არის მეწყერსაშიში ზონა და ერთ-ერთ მოსახლეს, რომლის სახლიც გაჩეხილი ნაძვების ტერიტორიაზე მდებარეობს, საფრთხე ემუქრება (ხეების გაჩეხვამდე ერთი კვირით ადრე მიწის გარკვეული ნაწილი ჩამოიშალა).
აღaxნიშნული ფაქტის შემდეგ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, თევდორაძეს და მათითაიშვილს ადგილობრივებმა უჩივლეს, რის პასუხადაც მათ შანტაჟით უპასუხეს და შვილ(ებ)ის, შვილიშვილ(ებ)ის დაჭერით ემუქრებიან, თუ საჩივარს უკან არ გამოიხმობენ.
როგორც აცანელები საუბრობენ, 3 ხე იყო მხოლოდ მიზეზი, რომ “გასაპრავებელი” ჰქონოდათ და ჯანსაღი ხეებიც მოეჭრათ, რათა შემდეგ გაყიდონ აღნიშნული ხეები და ხელი მოითბონ მუქთად ნაშოვნი ფულით“, _ წერს გივი ცინცაძე და შსს-სა და მუნიციპალიტეტის მერიისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.
„გურია ნიუსი“ ცინცაძის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარისთვის აცანის მაჟორიტარს, ემზარ თედორაძეს დაუკავშირდა. თედორაძე აღნიშნულს აბსურდს უწოდებს.
„იმდენად აბსურდია ეს ყველაფერი, რომ კომენტარის ღირსადაც არ მიმაჩნია. არანაირი შეხება არ მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. იყვნენ მოსული შესაბამისი უწყებები და ნახეს ყველაფერი. თუკი სადმე უნებართვოდ და თვითნებურად იყო ხე მოჭრილი, შესაბამისი აქტიც დაიწერა“, _ ამბობს თედორაძე.