„სალომე ზურაბიშვილისთვის მე ჩემი შეწყალება არ მითხოვია, მაგრამ ახლა მივცემ თავს უფლებას და ვთხოვ პირველად – არასდროს მითხოვია მისთვის არაფერი, ახლა ვაძლევ თავს უფლებას, პირდაპირი ეთერიდან ვთხოვ, მიიღოს გადაწყვეტილება სააკაშვილთან დაკავშირებით”, _ ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
“ამ ადამიანის სიცოცხლე, კვდება-არ კვდება – არ არის რწმენის საკითხი, ადამიანი შეიძლება მოკვდეს. ის არ არის კარგად, მიუხედავად იმისა, რომ უკეთ გამოიყურება, უკეთესად ლაპარაკობს და ა.შ.. ის არის პატიმარი, ის არის პატიმარი პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილმა მიიღო მინიშნებები, რომ შეიძლება ისიც გახდეს პატიმარი პრეზიდენტი.
დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება“ ამას ვერ იზამს, რადგან არ იქნება მაგ დროს, მაგრამ ეს მინიშნებები მან მიიღო. მან უნდა გაარღვიოს ეს წრე, აღიაროს შეცდომა და გადააბიჯოს იმ „არა და არასდროსს“ და სააკაშვილი გაათავისუფლოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშნები და კონსპირაციები არსებობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, ეგრევე მოიხსნება, მყისიერად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში.