“ფოთში, ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა“, _ ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან თარხნიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ქართულმა ოცნებამ” ვერც ფოთში და ვერც დიდ ქალაქებში ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ამოცანა და ის დამარცხდა.
“ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო დამნაშავეების ძებნა და ამჯერად ჯოხი გადატეხა თავისივე საარჩევნო ადმინისტრაციაზე იმის გამო, რომ მათ ვერ შეასრულეს დავალება, ანუ ჯეროვნად ვერ გააყალბეს. ამის საშუალება არ მისცა ოპოზიციამ და ქართველმა ამომრჩეველმა და დაიწყო მათი მასობრივი გადაყენება.
ფოთში უკვე ხუთი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და მოადგილე გადადგა. მათ დააწერინეს განცხადება ოჯახური მიზეზების, თუ ჯანმრთელობის გაუარესების გამო და ისინი გადადგნენ.
დღეს გამოცხადდება კონკურსი. რეალურად კი მიზეზი არის ის, რომ მათ არ შეასრულეს “ქართული ოცნების“ დაკვეთა, ან ვერ შეასრულეს და შესაბამისად ვერ მიაღწიეს იმ მიზანს, რაც დაუსახა “ქართულმა ოცნებამ“ და სუს–მა“, _ განაცხადა თარხნიშვილმა.
აღნიშნულ ბრალდებას ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პასუხობს _ როგორც სალომე როდონაია აცხადებს, საოლქოში შესულია რამდენიმე წევრის პირადი განცხადება და კომისია ვალდებულია, მათ უფლებამოსილება შეუწყვიტოს:
“კომისიის წევრებმა დაწერეს განცხადება, აქ არიან თავმჯდომარეები, ერთი მოადგილე, ასევე, კომისიის წევრები და მდივნებიც.
თუმცა, მინდა გითხრათ ინფორმაციისთვის, პირველი ტურის შემდეგ მათ ავტომატურად უგრძელდებათ უფლებამოსილება, მაგრამ თუ კი ამის სურვილი არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ, მათ შეუძლიათ პირადი განცხადების საფუძველზე მოგვმართონ საოლქო კომისიას და საოლქო კომისია ვალდებულია უფლებამოსილება შეუწყვიტოს მათ, შემდეგ კი გამოაცხადოს კონკურსი.
სწორედ ამ ეტაპზეა საოლქო კომისია _ გამოცხადებულია კონკურსი“, _ ამბობს როდონაია.
[sexy_author_bio]