როცა ვიღაცის ან რაღაცის გადასარჩენად იბრძვი, მარტო სიყვარული არ კმარა. რწმენაა საჭირო, ურყევი და შეუვალი რწმენა იმისა რომ გადაარჩენ და რომ შენი ძალა მის გადასარჩენად სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორედ ამ რწმენით და არა მხოლოდ სიყვარულით გავიქვავე ყველა სხვა გრძნობა – შიში, დაღლა, ყველა ემოცია – როცა ბარბარე ზღვარზე იყო. მხოლოდ ერთი რამე ვიცოდი – არ უნდა გამეკარებინა ახლოს არაფერი გარდა ერთი აზრის – ბარბარე გადარჩება.
ვდებდი გაქვავებულ სტატუსებს და მერე თქვენი გამამხნევებელი კომენტარებით ვცოცხლობდი, გამამხნევებელით და არა ცრემლიანით და პესიმისტურით, რომლებიც ეკლებივით მესობოდა გულზე. ზოგი ხვდებოდა ამას და თუ გამხნევება არ შეეძლო, რადგან ცუდ დასასრულსაც უშვებდა, რასაც ნამდვილად ჰქონდა საფუძველი, არც მიკავშირდებოდა იმ დღეებში, ზოგი ვერ მიხვდა რომ მე გამხნევება მჭირდებოდა და მეტი არაფერი, მხოლოდ სამი სიტყვა – ყველაფერი კარგად იქნება.
გადარჩა ბარბარე და გადარჩება საქართველო, _ წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი.