„ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციები სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლებისადმი, მაგრამ გადაცდომების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება გვექნება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის შემდეგ განაცხადა.
რას გულისხმობს სანქციები, მინისტრმა განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაიხურება სკოლა და ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება, გაიცემა დამატებითი რეკომენდაციები, ჩატარდება დამატებითი ტრენინგები და შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველამ აიმაღლოს პასუხისმგებლობა და დაიცვას რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასაცილებლად.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება.
რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება სკოლებზე, მასწავლებლებზე, მოსწავლეებსა და მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა გვქონდეს საუკეთესო გამოსავალი და ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში აგრძელებდნენ სწავლას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება. სახელმწიფომ სკოლებისთვის აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შესყიდვა დაასრულა.
ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება. ეს ბავშვებს არ ეხებათ, მაგრამ ეკუთვნით სხვებს; ყოველდღიური სანიტარული დამუშავება დახურული შენობების, ხშირი განიავება, დისტანციის დაცვა და სანიტარული წესრიგის დაცვა.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ ეს რიცხვი 38-ს შეადგენდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.