იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, გადაწყვეტილებას, რომელ სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვილს, იღებს პენიტენციური სამსახური და არა თავად სააკაშვილი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა იცოდა, რომ კლინიკაში, სამკურნალო დაწესებულებაში გადადიოდა, თუმცა, მინისტრს არ დაუზუსტებია, მიაწოდეს თუ არა მას ინფორმაცია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
„კადრებში ნაჩვენებია შესახლების ფაქტი. ეს კადრები აჩვენებს საზოგადოებას, როგორ იტყუება ერთ-ერთი ადვოკატი, თითქოსდა რეანიმობილი გაჩერდა 30 მეტრის მოშორებით პენიტენციური დაწესებულებიდან. ასევე, ეს კადრები აჩვენებს თუ როგორ მიაყენა პატიმარმა ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომელს და ასევე როგორ დააზიანა სამედიცინო ტექნიკა. მან იცოდა, რომ გადადიოდა კლინიკაში და სამკურნალო დაწესებულებაში. გადაწყვეტილებას, სად, რომელ პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება ის გადაყვანილი, იღებს არა პატიმარი, არამედ იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, ბრეგაძემ აღნიშნა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, ის მე-12 დაწესებულებაში დაბრუნდება.