კოვიდ პანდემიის ფონზე, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რიგ სკოლებში მოსწავლეთა გაცდენები საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, დავინტერესდით ამ კუთხით რა ღონისძიებების გატარება იგეგმება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში. საკითხთან დაკავშირებით განმარტებისთვის “გურია ნიუსი” მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ეკატერინე გუჯაბიძეს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, დიდი ალბათობით, ლანჩხუთში სკოლები მომავალი კვირიდან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა.
“ამ ეტაპისთვის მოლაპარაკებების რეჟიმში ვართ განათლების სამინისტროსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან, ეპიდემიოლოგების ჩართლობით და დიდი ალბათობით, მათი რეკომენდაციების შესაბამისად, მომავალი კვირიდან ლანჩხუთის სკოლებში, ორი კვირით, სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება”, _ გვითხრა ეკატერინე გუჯაბიძემ.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, მუნიციპალიტეტის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, სამი სკოლა კი სწავლების ჰიბრიდულ რეჟიმზეა.