მარტვილის მერიასთან საპროტესტო აქცია ,,გადავარჩინოთ ბალდის კანიონი” მიმდინარეობს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ბალდის კანიონის მცველების პროტესტს სხვადასხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან. ადგილობრივი მოსახლეობა კერძო ინვესტორისთვის კანიონის გადაცემას აპროტესტებს
კანიონის მცველების თქმით, ბალდის გულის – ხელშეუხებელი კანიონის მალულად გაყიდვა დაუშვებელია
,,დღეს გვიწევს ბრძოლა თანამებრძოლთა სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის. განვლილი გზა გრძელია:
ჩვენ ჩამოგვართვეს უფლება, მონაწილეობა მიგვეღო ჩვენივე სოფლის ბედის გადაწყვეტაში. ბალდის კანიონის ჩვენგან მალულად, 40 წლით გასხვისების გამო სასამართლოს მივმართეთ. ერთი წლის განმავლობაში განხილვა არ ჩანიშნულა. თითქოს სასამართლო ჩვენთვის არც არსებობს.
მოგვიწია, ჩვენვე გამოგვეძიებინა ყველა უკანონობა და როცა პოლიციას მათზე რეაგირება ვთხოვეთ, პასუხად მივიღეთ კანონზე მაღლა დაყენებული ინვესტორის ინტერესები. თითქოს პოლიცია ჩვენთვის არც არსებობს.
ვითმენთ ინვესტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ხან სოფლის გზას პოლიციის თვალწინ კეტავენ, ხან ჩვენს ოჯახებს საჯაროდ აგინებენ, ხან ლამის სუნთქვის გამოც კი გვიჩივიან და ხან ჩვენი სოფლის ბავშვებს თვალების ამოჩიჩქვნით ემუქრებიან.
ჩვენმა მოძრაობამ და დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა, აღმოვაჩინეთ კორუფციული სქემა, რომელიც ბალდის და სხვა ბუნების ძეგლების მიტაცებას ეხება და იმდენად ცხადია, გამოსაძიებელიც კი არაფერი დარჩა. თუმცა ყველა უწყება დუმს.
მიუხედავად ამდენი თმენისა და მშვიდობიანი პროტესტისგან არცერთი გადაცდენისა, ბოლოს ინვესტორი კომპანიისგან მივიღეთ საპროტესტო კარავზე შეიარაღებული თავდასხმა, ერთი თანამებრძოლის დაჩეხვა და მეორე უდანაშაულო თანამებრძოლის – დაკავება.
მომხდარ უკანონობასა და ძალადობაზე მთავარმა პასუხისმგებელმა, გარემოს დაცვის სამინისტრომ, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ ხალხს “დესტრუქციული ძალა” გვიწოდა და უარი გვითხრა საჯარო შეხვედრაზე.
გაუქმდეს უკანონოდ, მოსახლეობისგან მალულად და შესაძლო კორუფციული სქემით გაცემული ბალდის კანიონის იჯარის ხელშეკრულება და სამშენებლო ნებართვა.
გათავისუფლდეს უსამართლოდ დაკავებული ინდიკო ბჟალავა!” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.