ლანჩხუთში საბავშვო ბაღების თანამშრომლები, უკმაყოფილონი არიან არსებული ანაზღაურებით და ხელფასების ზრდას ითხოვენ.
ამის დასტურია მათ მიერვე გაკეთებული საჯარო კომენტარები მერიის ოფიციალურ გვერდზე, სადაც მთავრობის ის გადაწყვეტილებაა გამოქვეყნებული, რომელიც 2020-2021 წლებში პენსიებისა და რიგი კატეგორიისთვის ხელფასების ზრდას ეხებოდა.
„რა დავაშავეთ ასეთი ნეტა?პენსიის გაზრდის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ მაგრამ ჩვენი ხელფასით როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა ამ კუითვით მოგმართავთ უკვე მერამდენედ;
ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს, მაგრამ რეგიონების ბაღის თანამშრომლები პენსიის ასაკამდე ვერ მიაღწევენ და ამიტომაც აქვთ პენსიის დონე ხელფასი 230 ლარი ასაკს და შრომის უნარს მნიშვნელი არ აქვს;
არაერთი დაპირების მიუხედავად, მინიმალური ხალფასები გვაქვს ისევ“-ასეთია ლანჩხუთის მერიის ფეისბუქგვერდზე საბავშვო ბაღის თანამშრომელთა მიერ გაკეთებული კომენტარები.
საგულისმოა, რომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომელთათვის ხელფასების მატების წინადადებები 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განილვის სტადიაზე საკრებულოშიც გაჟღერდა. ამ ფაქტს სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავაც ადასტურებს „გურია ნიუსთან“ საუბარში. მისი თქმით, როცა 2021 წლის ბიუჯეტის დაგეგმარება მიმდინარეობდა, ნამდვილად იყო საუბარი საბავშვო ბაღის პერსონალისთვის ანაზღაურების ზრდის თაობაზე, თუმცა დასძენს, შექმნილი ეპისიტუაციიდან გამომდინარე, როცა საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, კონკრეტულად ვერაფერს იტყვის თუ როდიდან და ვის რამდენით გაეზრდება ანაზღაურება საბავშვო ბაღებში.