„ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის პირველი ეტაპი, მუცლადყოფნიდან მოწიფულობამდე, არის ქალის ზრუნვის ქვეშ. დედაზე დიდადაა დამოკიდებული ბიჭის თუ გოგოს მენტალიტეტი.“ – ითქვა შეხვედრაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის თემას ეძღვნებოდა. საინტერესოა, რომ რეპლიკის ავტორი მამაკაცია. მართლაც, რატომ რცხვენიათ მამაკაცებს ოჯახში „ქალის საქმის“ კეთება თუ ამით საყვარელ ქალს შრომას შეუმსუბუქებ, მაშინ, როცა ის მეტადაა დაკავებული? ანდა გულჩვილობა? რატომ კიცხავს საზოგადოება კაცს, ვინც სადილს გააკეთებს, სარეცხს გაფენს… ცუდი გაზრდილია ბიჭი, რომელიც დედას ეხმარება ან გოგო, რომელიც ფეხბურთს თამაშობს? ჩვენს ყოველდღიურობაში გენდერული თანასწორობის ბევრი, გაცილებით მტკივნეული პრობლემაა. დღესაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს ზოგიერთი საზიანო ტრადიციის ახალი ხედვით ჩანაცვლებას.
პროექტის – ,,თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, 12 ივნისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდა.
შეხვედრის ორგანიზატორებმა, ურბანულ და მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობასთან ერთად ისაუბრეს გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და საოჯახო პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე, საზიანო გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე და იმაზე, თუ რა როლი აკისრია თემს გენდერული თანასწორობის მიღწევაში. მოეწყო თემასთან დაკავშირებული ანიმაციური ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია.
ინიციატივა განხორციელდა ორგანიზაცია „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ (ISC) დახმარებით, პროექტის „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გაეროს ქალთა ფონდისა (UN WOMEN) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით.
(R)