გუშინ, ოზურგეთში, 13 წლის ლუკა წიტაიშვილის ინიციატივით და აქტიურობით საქველმოქმედო კარადა გაიხსნა. პატარა ბიჭის ამ აქციას _ სახლიდან წამოღებულ საკუთარ ნივთებს გაჭირვებული ადამიანებისთვის დიდი გამოხმაურება.
„გურია ნიუსი“ შეეცადა ლუკას შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა და თქვენთვის გაეცნო.
როგორც გავარკვიეთ, იგი ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მე-7-ე კლასის მოსწავლეა; ოთხ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს და ყვავილების მოვლითაა გატაცებული:
„ძალიან უყვარს ყვავილების მოვლა და პატრონობა. ფაქტიურად, ამითაა დაკავებული მთელი წელი. ინტერნეტში ნახულობს ყველაფერს და შემდეგ, შეძლებისდაგვარად გადმოაქვს პრაქტიკაში,“ _ გვითხრა ლუკას დედამ, ეკა ბაბილოძემ.
მისივე თქმით, წელს კოკა-კოლას ბოთლებში ქინძი, მაკიდო დათესა და ასე დაიწყო პატარა ბოსტანის გაკეთება.
_ სამწუხაროდ, პატარა მიწის ნაკვეთი გვაქვს და რაც არის ლუკას ათვისებული აქვს. ამ ეტაპზე ვინც გაიგო ლუკას ეს წამოწყება ყველა ეხმარება, ზოგს ყვავილების თესლი მოაქვს, ზოგს ქოთანი და ა.შ, _ აღნიშნავს ქალბატონი ეკა.
მისივე ინფორმაციით, ლუკას ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი მარი ჩხიკვიშვილი დაეხმარა:
_ მარი ჩხიკვიშვილის დახმარებით, საკრებულოს წევრებმა ლუკას მიერ გამოყვანილი ყვავილების ნერგები იყიდეს. აღებული თანხიდან სხვადასხვა საჭირო ნივთები შეიძინა და გააგრძელა ყვავილების გახარება, _ გვითხრა ეკა ბაბილოძემ.
როგორც #1 საჯარო სკოლაში გვითხრეს, ლუკა წარმატებული მოსწავლეა და მაქსიმალურად ცდილობს ყველა აქტივობაში ჩაერთოს.
აღსანიშნავია, რომ ლუკას მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო აქციას ბევრი ადამიანი შეუერთდა.
„ძალიან გახარებული ვარ. ჩვენს ქალაქში უყვართ ქველმოქმედება და ადამიანები აქტიურად ჩაერთნენ ჩემს წამოწყებულ ინიციატივაში. სამწუხაროდ, ეს ორი დღე სკოლაში ვერ მივედი და ასე ვერ გავაგრძელებ. ამიტომ, დღის პირველ ნახევარში სკოლაში წავალ, მეორე ნახევარში კი საქველმოქმედო კარადასთან ვიქნები“, _ აღნიშნა ლუკამ ჩვენ საუბრისას.