გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი გაჯის საწარმოების – შპს „დენმარკი” და შპს „სამგორი ველი” ინსპექტირება განახორციელეს.
ინსპექტირებით დადგინდა, რომ საწარმოები არ ასრულებენ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ ახდენენ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტ თვითმონიტორინგს ინსტრუმენტული მეთოდით.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოების შემოწმებას რეგულარულად ახორციელებს. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. ეკონომიკის განვითარება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით უნდა მოხდეს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ.
საწარმოების მიმართ შედგენილია ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76(1) მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 20 000 ლარის ოდენობით.
მასალები განსახილველად, შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნება.