უქმე დღეებისთვის განსაზღვრული პერიოდი 12 მაისს იწურება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ეს ვადა გახანგრძლივდეს და შესაბამისად, 12 მაისის შემდეგაც არ განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, არ იმუშაონ ბაღებმა და სკოლებმა და ასევე, არ აღადგინონ მუშაობა სხვა საჯარო დაწესებულებებმა. ყოველ შემთხვევაში, დღეს ეს კატეგორიულად არც გამოურიცხავს და არც დაუდასტურებია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს.
ნათია თურნავას განცხადებით, ხვალ ამ საკითხზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მისი დასრულების შემდეგ მიიღებს საზოგადოება პასუხს კითხვაზე – გახანგრძლივდება თუ არა ქვეყანაში უქმე დღეები და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები?
მინისტრის განცხადებით, უქმე დღეებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შენარჩუნების მიზეზი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების მზარდი დადებითობის მაჩვენებელი იყოს.
„ხვალ გვექნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია. მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია. თქვენ იცით, რომ ტურიზმის ინდუსტრია ვაქცინაციის თვალსაზრისით პრიორიტეტულია. დავიწყეთ განაცხადების მიღება. საკმაოდ კარგად მიდის პროცესი, აქტიურად ერთვებიან ტურისტული ობიექტები და მე თავადაც, ამ დღეებში, მათთან ერთად ვგეგმავ ვაქცინაციას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.