ერთხელ ფირუზ კანთელაძე გაქურდეს. სიტყვა „გაქურდეს“ ვიხმარეთ, მაგრამ ფეხბურთელის „ცარიელ და გაღლეტილ“ ბინაში წასაღები არაფერი აღმოჩნდა.
„ერთხელ, გასვლითი თამაში რომ გვქონდა რუსეთში, გამოვკეტე ჩემი „ცარიელი“ სახლის კარი და წავედი ორი დღით. ვაი იმ ჩამოსვლას, რომ დავბრუნდი. კარი ღია დამხვდა. შევედი და რას ვხედავ? – ყველაფერი არეულ-დარეული, ლეიბ-საბანი და ბალიში სულ დეტალ-დეტალ დაუმუშავებიათ. ყურადღება მიიქცია ქურდების მიერ მაგიდაზე დატოვებულმა წერილმა:
„ბატონო ფირუზ! – არ გვეგონა, თუ ასეთ გაჭირვებულ ფეხბურთელს ვძარცვავდით, როგორიც თქვენ ბრძანებულხარ. გიტოვებთ 10 მანეთს საჭმლისთვის, ერთი-ორი დღე გეყოფათ, მერე რამეს მოვიფიქრებთ, თუ არ დაგვიჭირეს მანამდე, თუ დაგვიჭირეს, შენით უნდა მოიპოვო შენი ლუკმა. პატივისცემით „ა“, „ბ“ და „შ“ – მეგობრები…“
ის ათი მანეთი დღესაც შენახული მაქვს.“