5 ოქტომბერს, ჩოხატაურში, “ივლიტას ბიბლიოთეკაში” ჩატარდა უკვე ტრადიციადქცეული ლიტერატურული კონკური, რომელიც გრიგოლ მეგრელიშვილისა და ჭოლა ლომთათიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
კონკურსი, რომლის დავალებები ტესტური სახით მიეცათ მონაწილეებს, სამი ეტაპისგან შედგებოდა. საინტერესო პაექრობის შემდეგ პირველობა ისევ არავის დაუთმო წინა ორი კონკურსის გამარჯვებულმა, ფარცხმის საჯარო სკოლის პედაგოგმა თამარ ჟღენტმა.
მეორე-მესამე ადგილები გაინაწილეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე ჩხიკვაძემ და ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლემ ნინი მგალობლიშვილმა, მეოთხე ადგილი კი ჩოხატაურის პირველსკოლელ სოფიო მეფარიშვილს ერგო.
“ივლიტას ფონდის” მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო საპრიზო ადგილების მიხედვით _ 400, 300, 200 და 100 ლარი გამარჯვებულებს ივლიტას მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა გადასცა. კონკურსის ყველა მონაწილეს კი სამახსოვროდ სიგელები გადაეცათ.
პრიზი იყო დაწესებული იმ მონაწილისთვის, რომელიც პირველი დარეგისტრირდა. ეს პრიზი კონკურსის ყველაზე უფროს მონაწილეს, ქალბატონ ლიანა მეგრელიძეს ხვდა წილად. მამა გიორგიმ სამახსოვროდ წიგნები გადასცა კონკურსის ჟიურის უცვლელ წევრებს: ნანა მგალობლიშვილს და მალხაზ ჩხიკვაძეს.
როგორც მამა გიორგიმ დააანონსა, “ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის” მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი მომავალი წლის ოქტომბრის პირველ შაბათს ჩატარდება და იგი პოეტების: მორის ფოცხიშვილისა და ზაურ ბოლქვაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნება.