“მეგობრების დახმარებით აღმოვაჩინე, რომ კოტე შარაშენიძეს მის წარმომადგენლად დავუნიშნივარ სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანზე. არადა, ამის არც სურვილი მქონია და არც მაქვს,” _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას გიორგი როყვა, რომელიც თავად დაგვიკავშირდა და გვთხოვა იმის გარკვევაში დავხმარებოდით, როგორ მოხვდა შარაშენიძის წარმომადგენლად საარჩევნო უბანზე:
_ მართლა ვერაფერი გავიგე. არც ის ვიცი საიდან აქვთ ჩემი პირადი მონაცემები. შეთავაზებაც კი არ მქონია, არც შარაშენიძის მხარდამჭერი ვარ და ძალიან დიდ გაურკვევლობაში ავღმოვჩნდი. იქნებ, თქვენ დამეხმაროთ და გამარკვევინოთ რატომ გააკეთეს ასეთი რამ და საიდან მოხვდა შარაშენიძის შტაბში ჩემი პირადობის მოწმობის ასლი, _ გვთხოვა როყვამ, რომელიც სოფელ ოზურგეთში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი იყო.
ის, რომ სოფელ ოზურგეთის საარჩევნო უბანზე გიორგი როყვა ნამდვილად არის დაფიქსირებული შარაშენიძის წარმომადგენლად „გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენიეშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შარაშენიძის წარმდგენმა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელემა გოჩა გორდელაძემ შეიტანა განაცხადი, რომლის დანართებში მითითებულია, რომ გიორგი როყვა შარაშენიძის წარმომადგენელი იქნება სოფელ ოზურგეთში:
_ ეს სია პირად ინფორმაციას შეიცავს და მათ შორის გიორგი როყვას პირადი მონაცემებიც არის წარმოდგენილი, _ გვითხრა თენიეშვილმა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკითხის შესასწავლად როყვამ განცხადებით უნდა მიმართოს:
_ როგორც კი განცხადება შემოვა, განვიხილავთ და შესაბამის რეაგირებასაც მოვახდენთ, _ გვითხრა თენიეშვილმა.
შარაშენიძის წარმომადგენელი გოჩა გორდელაძე ადასტურებს, რომ გიორგი როყვას მონაცემები ოლქში ნამდვილად მიიტანა:
_ წარმომადგენლად დანიშვნას არც პარტიის წევრობა სჭირდება და არც სხვა რამ. დააფიქსირა სურვილი, დაწერა განცხადება და წარვადგინეთ, _ გვითხრა გორდელაძემ.
_ ბატონო გოჩა, თავად ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მისთვის უცნობია როგორ აღმოჩნდა მისი პერსონალური მონაცემები თქვენთან.
_ თუ არ უნდა, არაა პრობლემა _ გამოიტანენ. რაც შეეხება დანარჩენს, თუ რაიმეს გარკვევა უნდა მიბრძანდეს იქ, სადაც დაწერა განცხადება და გაარკვევენ.
_ როყვამ შარაშენიძის შტაბში დაწერა განცხადება და სურვილი გამოთქვა, რომ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად ყოფილიყო?
_ ახლა რა გითხრათ ზუსტად _ 62 უბანზე წარვადგინეთ წარმომადგენლები. მიბრძანდეს შტაბში და გაარკვევენ რა დაწერა და რა წარადგინა, _ აღნიშნა გოჩა გორდელაძემ.