ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ბუნებრივი აირის გარეშე რამდენიმე ათეული ოჯახია დარჩენილი, გაზიფიკაციის სამუშაოები გაგრძელება იგეგმება. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ დაკვეთით კომპანია ,,უნიმშენი’’ ახორციელებს.
მაჩხვარეთში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის, გოჩა ცინცაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სოფელ ჯუნმერეში, სადაც 65 პოტენციური აბონენტია, მოხდება ბუნებრივი აირის შეყვანა.
როგორც ირკვევა, მაჩხვარეთის ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცირების სრულად უზრუნველსაყოფად კიდევ საჭიროა გაზსადენის გაყვანა სამ ჩიხში, სადაც, დაახლოებით, 12 ოჯახი ცხოვრობს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ ბოლო საკრებულოს სხდომაზე დააანონსა, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება იგეგმება. გამგებლის თქმით, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ხუთივე სოფელში მოხდება ბუნებრივი აირის შეყვანა და შესაბამისი სამუშაოების გახორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.