მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა, თორნიკე გოგეშვილმა, 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ვიქტორ მეტრეველს მიმართა და სთხოვა, ამაღლობელის საქმეს დაურთოს მისი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.
კერძოდ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ამაღლობელის საქმეში წარდგენილია დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი.
ვლადიმერ ჩიტაია 15 თებერვლით დათარიღებულ პატაკში გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, პოლკოვნიკ სერგი ჟღენტს სწერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, „მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც თავდასხმამდე მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.
სწორედ ამ პატაკით ითხოვს პროკურატურა მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომას.
მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი კი ამბობს, რომ რეალურად პატაკი ფორმალობაა და არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, თუ როდის და რა პირობებში გახსნა სინამდვილეში პროკურატურამ ტელეფონი.
„ამ პატაკის საფუძველზე არ შეიძლება არანაირი საპროცესო მოქმედების ჩატარება, არათუ განჩინების აღება,“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ასე აფასებს პროკურატურის მოთხოვნას, საქმის მასალებში მოხვდეს მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია.
„დეტექტივი ვლადიმერ ჩიტაია ცამოწმენდილზე წერს, რომ „სიზმარში ვნახე“, რომ თითქოს [მზია ამაღლობელმა] მიიღო დავალება. ამიტომ უნდა დავათვალიეროთ მთელი ტელეფონი, თუკი რაიმე ინფორმაცია – პირადი თუ პროფესიული აქვს მზიას ამ ტელეფონში. გამოძიება უნდა დაჯდეს თურმე და ქექოს მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება. ეს ყველაფერი დეტექტივის პატაკის საფუძველზე. ამ პატაკის და ყველა შემდგომი დოკუმენტის დაუშვებლობა ვიშუამდგომლეთ ჩვენ დღეს სასამართლოში“, – თქვა მაია მწარიაშვილმა.
ვრცლად: ბათუმელები