„გამოგორდა“ ბატონი კალაძე და განაცხადა – ევროკავშირმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმიტომ არ მოგვანიჭა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგო. ეს იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომ დასავლეთი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ, რომ 12-ვე პუნქტი შესრულებულია, რომ საქართველოში არ არის კორუფცია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, სამართლიანი და ნდობით აღსავსე სასამართლო სისტემა.
„რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო – ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89%-მდე გაიზარდა. „ოცნება“ უკვე 1 წელია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გვიბიძგებს რუსეთთან ომისკენ და ამერიკა და დასავლეთი „ცუდები“ არიან – რა მივიღეთ: ბოლო კვლევებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 90 %-ს სურს დასავლეთი!
რაც შეეხება კორუფციას და კონკრეტულად ბატონი კალაძის მისამართით დასმული კითხვებიდან ერთ-ერთს: თბილისის მერიამ, ტენდერით, შეიძინა 400 ლურჯი ავტობუსი და თითოეულში გადაიხადა 250 000 ევრო, ხოლო ევროპის სხვა ქალაქებმა ზუსტად იგივე ავტობუსში 160-დან 180 000 ევრომდე გადაიხადეს. ბატონმა კალაძემ მოახერხა თითო ავტობუსში საშუალოდ 80 000 ევროთი მეტის დახარჯვა და ჯამურად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ გადახდილი ფულიდან აორთქლდა 20-30 მილიონი ევრო. ის ფაქტი, რომ ამ თემაზე გამოძიება დღემდე არ დაწყებულა, სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს.
სადაც ყვავის კორუფცია, იქ არ არის ეკონომიკური პროგრესი. მომავალში, ყველა კორუმპირებული მოხელე ახალი, სამართლიანი სასამართლოს მიერ იქნება გასამართლებული და დასჯილი!“ _ აცხადებს PSP-ს დამფუძნებელი, დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.