„გურია ნიუსის“ მიერ მომზადებულ სტატიას, რომელიც თბილისში, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში, ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის ბედს ეხებოდა, საქველმოქმედო ფონდი „მომავლის მზე“ გამოეხმაურა.
ფონდის წევრებმა დღეს 5-შვილიანი მედეა თათრიშვილის ოჯახს საკვები და ტანსაცმელი საჩუქრად გადასცეს.
როგორც საქველმოქმედო ფონდი „მომავლის მზის“ თავმჯდომარე, ნინო წულაძე „გურია ნიუსთან საუბრისას აღნიშნავს, ფონდი ოჯახის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.
„საქველმოქმედო ფონდი „მომავლის მზე“ წელს გაზაფხულიდან არსებობს. დაარსების იდეა სოციალურ ქსელში გაჩნდა. ფონდის შექმნამდე ცალკ-ცალკე ვეხმარებოდით სიდუხჭირეში მცხოვრებ ოჯახებს და შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ფონდი, რომელიც აქტიურად ჩაებმებოდა ამ საკითხებში. მედეა თათრიშვილის ოჯახის შესახებ „გურია ნიუსის“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდიდან შევიტყვეთ. მე და ფონდის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, მაია ლაბოევამ, თათრიშვილის ოჯახი მოვინახულეთ. ისინი საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობენ. კეთილი ხალხის დახმარებით შევაგროვეთ საკვები, ტანისამოსი და გადავეცით ამ ოჯახს. იმედი მაქვს, რომ მის მეუღლესაც სადმე დავასაქმებთ. თუ მათი საცხოვრებელი არ შეიცვალეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა ოჯახის ყველა წევრს გაუუარესდეს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ჩვენი ფონდი აქტიურად გააგრძელებს დახმარებას როგორც ამ, ასევე, სხვა ოჯახებისას, ვიმედოვნებთ, რომ ბევრი კეთილი ადამიანი გამოგვეხმაურება“,_ ამბობს წულაძე.
შეგახსენებთ, რომ მედეა თათრიშვილი მეუღლესთან და 5 ბავშვთან ერთად გლდანში, ვაგონში, სახლ-კარის არ ქონის გამო ცხოვრობს.
ოჯახის პრობლემას უსახლკარობის გარდა, უმუშევრობაც წარმოადგენს. არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო კი ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, ლაზარეს ეპილეფსია განუვითარდა.
„დიდი მადლობელი ვარ საქველმოქმედო ფონდი „მომავლის მზის“ წევრების, რომ შეწუხდნენ, მოვიდნენ და დაგვეხმარნენ. მარტო სოციალური დახმარებით ადამიანი ვერ იცხოვრებს, თუმცა, ჩემი მეუღლე სამსახურს დღემდე ვერ ნახულობს. მეც ბავშვების გამო მუშაობის დაწყებას ვერ ვახერხებ. ვითხოვ, იქნებ, თავშესაფრით მაინც დაგვეხმარნონ, ამ ვაგონს საცხოვრებელი პირობებით ხომ აჯობებს. ბავშვს ვაგონში ცხოვრების და უჰაერობის გამო ეპილეფსია დაუდგინდა. მისი მდგომარეობა ნელ-ნელა რთულდება. ჰაერის უკმარისობა აქვს. რამდენიმე დღის წინაც ჰქონდა შეტევა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ბაღში 2 საათამდე იტოვებენ, რადგან დაავადებულია და ბაღის აღმზრდელებს ეშინიათ“, _ ამბობს თათრიშვილი.
ამავე თემაზე: ვაგონში მცხოვრები 5-შვილიანი ოჯახის დარდი