ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ესპანეთში ტრაგიკულა დაღუპული ძმების _ გიორგი და საბა მატარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კლიპი.
ძმებს “ბაიკის”ექიმებად მოიხსენიებდნენ _ თითონაც “ბაიკერები” საქართველოში ორთვლიანების საუკეთესო ხელოსნებად იყვნენ ცნობილი და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებიც მათ სახელოსნოში მიდიოდნენ.
“გურია ნიუსი” ძმების უახლოეს ადამიანს, ნათია ცოტაძეს ესაუბრა.
“ორივე ადგილზე დაიღუპა, ორივე დაიწვა, თან ისე, რომ იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, სანამ დნმ არ გააკეთეს. მამა იყო ჩასული ესპანეთში. მანამ არ მისცეს გადმოსვენების უფლება. გადასარჩენად იბრძოდნენ ბოლო წუთამდე… სადარბაზოს კარი ვერ გააღეს…
კვამლით რომ გაგუდულიყვნენ მძინარე, ეს ყველაზე მსუბუქი დასასრული იქნებოდა.
ბაიკერი იყო გიორგი, თვითნასწავლი ხელოსანი, მართლა ექიმი. საკუთარი სერვისი ჰქონდათ ძმებს თბილისში.
მთელ თბილისში ამ საქმის ასეთი სპეციალისტები არავინ იყო. ვერავინ რომ ვერ აკეთებდა, ისეთი რამეები შეეძლოთ. Bikecity იყო მაგათი მოტოსახელოსნო.
უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ბაიკერები რომ იკითხავდნენ ყველაზე მაგარ სპეციალისტს, ამათ აკითხავდნენ. რამდენიმე ბლოგერმა ვიდეოც მიუძღვნა.
ბოლომდე გამართული სერვისი, ყველანაირად, შიშველი ხელებით დაიწყო გიორგიმ ეს საქმე და ყველანაირად გამართეს ძმებმა, ყველანაირი სერვისით, ევაკუატორიც საკუთარი ჰყავდათ. თავისი შრომით ნულიდან დაიწყეს _ საიტიც, შეკვეთებიც…
გამორიცხულია ამდენი სიყვარული დააგროვოს ადამიანმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რაც გიორგიმ დააგროვა უმოკლეს დროში…
უზომოდ კეთილი, ერთგული, უღალატო…
ბაიკერი, მფრინავი, საოცრად მართავდა ყველა ტრანსპორტს, იყო საუკეთესო მონადირე
საოცრად უყვარდა ბუნება და მოგზაურობა
იყო სიცოცხლეზე უზომოდ შეყვარებული, _ გვიყვება ნათია.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიელი ძმები ესპანეთში სამუშაოდ იმყოფებოდნენ. ქალაქ მადრიდის სანტა კოლონეს უბანში, სან ხუაკინის ქუჩის 23 ნომერში, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდნენ. მეორე სართულზე ესპანელები ცხოვრობდნენ, ხოლო პირველ სართულზე ცხოვრობდა შავკანიანი მამაკაცი ოჯახთან ერთად. ეს უკანასკნელი უნებართვოდ იყო შეჭრილი, რომელსაც დროთა განმავლობაში, სასამართლოს გზით დაატოვებინეს საცხოვრებელი სახლი. განაწყენებულმა შავკანიანმა მამაკაცმა, შურისძიების მიზნით, შუაღამისას, როცა შენობაში მყოფებს ეძინათ, პირველ სართულზე გააჩინა ხანძარი. კვამლის შედეგად მეორე სართულზე მცხოვრები ესპანელი ქალი გაიგუდა. მესამე სართულზე ერთმა ბიჭმა გაიღვიძა, რომელმაც დანარჩენებიც გააღვიძა. ის ბიჭი გადარჩა, მაგრამ, საუბედუროდ, ვერ გადარჩნენ სხვები. მათ შორის სამტრედიელი ძმები.
„გურია ნიუსი“ კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას გიორგი და საბა მატარაძეების ტრაგიკულად დაღუპვის გამო და თანაუგრძნობს მათ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს.