უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე – ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, მისი შვილი ბესარიონ ჟვანია, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში იყო ჩართული, რის გამოც ბუსა ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა.
როგორც ნინო ჟვანია აღნიშნავს, მისი შვილისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას გეგმავდნენ.
„ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი იყო კაკულიასი და ჩვენებებშიც აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი – დანარჩენს რაც შეეხება, ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ რამე იცოდა ბუსამ. [მკვლელობას რომ გეგმავდნენ და] ეს რომ სცოდნოდა ბუსას, ამას გამოვრიცხავ. ერთი, უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედია არის ჩვენთვის ყველასთვის და ახლა მეორე – ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, მე მგონი“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.
თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილზე, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.
პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი

































































