საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ნარკოტიკების “ჩადება” არ ხდება.
მისი თქმით, თუ პოლიტიკური ოპონენტი გებრძვის და მის შვილს ან ახლობელს რაიმეს ჩაუდებ, ოპონენტი ერთი ათად გაძლიერდება.
”ეს ძალიან პრიმიტიულია – თუ პოლიტიკური ოპონენტი გებრძვის და მის შვილს ან ახლობელს რაიმეს ჩაუდებ, დამიჯერეთ, ის პოლიტიკური ოპონენტი კიდევ ერთი ათად გაძლიერდება.
მე გარწმუნებთ – ეს ასე არ ხდება. თუ ხელისუფალი ამაზე წამსვლელია, მაშინ მისი რაციონალურობის საკითხი დგება.
როდესაც ”ნაციონალური მოძრაობა” ამას აკეთებდა, ანადგურებდა თავისი მოწინააღმდეგეების მთელ სპექტრს, მათ შორის ჯანმრთელობის მოშლის მეშვეობით.
მაშინ ეს იყო პოლიტიკური ნება, ეს იყო პოლიტიკური დამოკიდებულება ოპონენტისადმი და ეს იყო სტრატეგია.
ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკური ნება რომ ჰქონდეს, ძალიან სულელური სტრატეგია იქნებოდა, რომ ადამიანი, რომელიც გებრძვის მთელი ძალებით, ყველანაირი მეთოდით კიდევ უფრო მეტი შანსი და რესურსი მისცე, რომ ეს ბრძოლა უფრო ინტენსიური გახადო. გამწარების მცდელობა ბავშვურია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
pirveliradio.ge