2022 წლის 4 მაისს, 16 საათზე ჩოხატაურში გამწვანების აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მარადმწვანე და ფოთლოვანი მოზრდილი ნერგი დაირგო სამ უბანზე, კერძოდ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შენობის წინ, მის მიმდებარედ არსებულ კრიმანჭულის სკვერში და ჩოხატაურის კულტურის სახლთან.
აღნიშნული ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივი აქციაა, რომელიც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა.
ჩოხატაურის გამწვანების აქციაში მონაწილეობას იღებდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე, მის თანამშრომლებთან ერთად და ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე, მენეჯმენტის სხვა წევრებთან ერთად.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება ჩოხატაურში განგვეხორციელებინა პირველი პროექტი გარემოსდაცვითი კომპონენტის ფარგლებში. მოგეხსენებათ, ჩვენი სოციალური პროგრამა საგანმანათლებლო პროექტებით უკვე გახსნილია. გარემოს დაცვის კუთხით, კი სწორედ ამ ღონისძიებით ვხსნით სეზონს. ჩვენ მიერ გავრცელებულ გზავნილში მთავარი სიტყვა ზრუნვაა. ზრუნვა ადამიანებზე, გარემოზე და რეგიონის განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ არის, რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა. სწორედ ამას ვასწავლით ახალგაზრდებს ჩვენი ტრენინგის ფარგლებშიც, რომელიც ამჟამად მთისპირის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და სადაც უკვე სექტემბრიდან ჩხაკაურას სკოლაც ჩაერთვება. გარემოს დაცვა და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობა ფასდაუდებელია რაც ჩვენ შეიძლება გავუკეთოთ როგორც ჩვენს თავს ასევე, მომავალ თაობას“, _ მიხეილ ნიბლაძე, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დირექტორი.
გამწვანების აქცია დედამიწის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება მთელს მსოფლიოში.
(R)