ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, არქივის შენობის გვერდით, განახლებული პარკი საბავშვო ატრაქციონების გარეშეა _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” რამდენიმე ადამიანმა აცნობა.
“ოზურგეთში, თითქმის არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება, მშობელმა ბავშვები წაიყვანოს გასასეირნებლად და გასართობად. ერთადერთი ადგილი არის მერიის წინ მდებარე პარკი, რომლის გეოგრაფიული მდებარეობა მხოლოდ მისი ახლომდებარე ქუჩებისთვისაა მოსახერხებელი. ამასთანავე, იქ ძირითადი აქცენტი ფასიან ატრაქციონებზე კეთდება, რაც ყოველთვის მოსახერხებელი არაა. მე ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და ჩვენი თითქმის ყოველდღიური სასეირნო ადგილი იყო ჭავჭავაძის ქუჩის სკვერი, სადაც წლების განმავლობაში დაზიანებული და მოუვლელი იყო სასრიალოები, საქანელები და სხვა გასართობები და ველოდებოდით, როდის შეაკეთებდნენ. როცა სკვერის რეაბილიტაცია დაიწყეს, მოლოდინი გვქონდა, რომ არსებულ სასრიალოებს შეაკეთებდნენ ან უკეთესით შეცვლიდნენ. თავდაპირველი პროექტით ეს გათვალისწინებულიც იყო. ამასთანავე, სკვერს ჰქონდა ღობე, რაც უსაფრთხოს ხდიდა მას. ახლა რა მივიღეთ? დაბეტონებული სკვერი, რომელშიც მარტო სკამები დგას”, _ გვითხრა იმ ადამიანების ნაწილმა, ვინც პარკში ატრაქციონების დადგმის მომხრეა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში “გურია ნიუსს” განუცხადეს, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებულ სკვერში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ატრაქციონებს უახლოეს პერიოდში განათავსებს.