განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა თამარ ქიტიაშვილმა, რომელიც 2019 წლიდან სამინისტროში პროფესიული განათლების მიმართულებას კურირებდა.
თამარ ქიტიაშვილი საქმიანობას პროფესიული უნარების სააგენტოში განაგრძობს, სადაც ის სააგენტოს გენერალურ დირექტორად ხუთი წლის ვადით აირჩიეს. ქიტიაშვილი 2021 წლის აპრილიდან, სააგენტოს განვითარების საწყის ეტაპზე, მინისტრის მოადგილის თანამდებობასთან ერთად ითავსებდა სააგენტოს დირექტორის ფუნქციებს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი პროფესიული უნარების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე იქნება, რომელიც ამავდროულად პროფესიული განათლების მიმართულების კურატორის ფუნქციასაც შეითავსებს.
პროფესიული უნარების სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ერთობლივად დააფუძნეს, რის შედეგადაც პროფესიული განათლების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო და კერძო სექტორი გაინაწილებს.
როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაში წერია, 2022 წლიდან აქტიურ ფაზაში გადადის პროფესიული უნარების სააგენტოს ფუნქციონირება, რაც საჭიროებს როგორც სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციათა რესურსის მობილიზებასა და პროფესიონალთა გუნდის ფორმირებას.