განათლების სამინისტროში მინისტრმა იმ პედაგოგებს უმასპინძლა, რომლებმაც სახელმწიფო ჯილდო მიიღეს და პენსიაზე გავიდნენ. პირველ ეტაპზე ჯილდოს მიღების სურვილი ექვსი ათასზე მეტმა მასწავლებელმა გამოთქვა. მათ სახელმწიფომ ორი წლის ჯამური ხელფასი და მთელი ცხოვრების მანძილზე ჯანმრთელობის დაზღვევა გადასცა.
მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებლებს მათი ამაგისა და შრომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პედაგოგი მთავარი ადამიანია ქვეყანაში. „თაობების აღზრდაში თქვენი წვლილი ძალიან დიდია. რეფორმა მასწავლებლით იწყება და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისის პირობები. პედაგოგზე დგას ქვეყნის მომავალი. დიდი შრომა და წარმოუდგენელი ძალისხმევა გაქვთ ამ საქმეში ჩადებული და მადლობა თქვენი შრომისთვის, სამინისტროს, ბავშვებისა და მშობლების სახელით. უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ. პედაგოგი არის მთავარი ადამიანი ქვეყანაში“, – განაცხადა მინისტრმა შეხვედრისას.
შეხვედრაზე მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ღირსეული ნაბიჯი მათი მიმართულებით არასდროს გადადგმულა და ეს აღიარება მათთვის მოულოდნელი და მნიშვნელოვანია. ეს პრეცედენტი არის მნიშვნელოვანი სტიმული იმ მოქმედი და მომავალი პედაგოგებისთვისაც, რომლებიც ამ ურთულესი პროფესიის გზას ადგანან.
საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა კიდევ ექნებათ.
რეფორმის ფარგლებში ის მასწავლებლები, რომლებმაც სტატუსი აიმაღლეს, გაზრდილ ხელფასს ოქტომბერში აიღებენ.