განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ განათლებული ადამიანი ტვირთად არ აწვება სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეაქვს. ამასთან, მაღრაძემ მთავრობის პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტის გამონათქვამი გაიხსენა.
,,განათლება მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განათლებული ადამიანი, თავის პროფესიაში მყარად მყოფი ადამიანი ეგუება ცვლილებებს, თვითონ მართავს თავის ცხოვრებას და ტვირთად კი არ აწვება მთავრობას, არამედ თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ეს არის გზა იმისა, რომ თვითონ მოსახლეობა იყოს ჩართული მთავრობის პროექტების და გეგმების განხორციელებაში. ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი პრეზიდენტი ამბობდა, რაც არ უნდა კარგი პროგრამა იყოს, თუკი ის მოსახლეობაში არ სარგებლობს მხარდაჭერით და ჩართულობით ძნელი იქნება მისი გახორციელებაო“_თქვა მაღრაძემ.