„როგორც იურისტი, დაველოდები გადაწყვეტილებას, რადგან ძალიან მაინტერესებს დასაბუთების ნაწილი,“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, რუსთავი2-ის თაობაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას არჩევანის პირდაპირ ეთერში აფასებს.
ის აცხადებს, რომ როგორც მოქალაქეს, მინიმალური რწმენა აქვს სასამართლო პროცესის.
„ამ პროცესს არ ჰქონდა მინიმალური ნდობაც კი საზოგადოების ძალიან ფართო ნაწილი მხრიდან იმიტომ, რომ როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე მეორე ინსტანციაში მოხდა არაერთი ძალიან საეჭვო გარემოება, რომლის პიკი იყო განჩინება, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერა, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი და შეცდომით გაეპარათ, რომ მიზანი იყო სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ის აღნიშნავს, რომ დღეს დემოკრატიის უმთავრეს ინსტიტუტზე, მედიასა და სასამართლო ხელისუფლებაზე მოხდა დარტყმა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ასეთი უსამართლო გზით სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია.