მეტროსადგურ “300 არაგველზე” მგზავრებს მატარებლის ვაგონი დაატოვებინეს. მიზეზი არ განუმარტეს, თუმცა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს მოსთხოვეს რომ სხვა ვაგონში გადამსხდარიყვნენ. რაც შეეხება დაცლილ მატარებელს, ის სპეციალური ჩიხში გადაიყვანეს.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, მეტროში შეფერხებებია და ეს მოძველებული ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული. დედაქალაქის მერი მატარებლების შემადგენლობის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს.
„შემთხვევით არ არის ის ცვლილებები რაც ჩვენ გვაქვს დაწყებული განახლების თვალსაზრისით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია იმიტომ, რომ ძირითადად არის ძველი ვაგონები. საბჭოთა კავშირის დროინდელი. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ეს პროგრამა, რომ განვახორციელოთ მათი რეაბილიტაცია. წელს მე ვფიქრობ რამდენიმე დღეში უკვე გამოვაცხადებთ ტენდერს რეაბილიტაციაზე, განახლებაზე. ეს იქნება ორი შემადგენლობა, დაახლოებით 15 ვაგონის სრული განახლება მოხდება და ეს პროცესი გაგრძელდება რომ მაქსიმალურად ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს ვაგონების თვალსაზრისით, იყოს მოწესრიგებული,“-განაცხადა კახა კალაძემ.