ხვალ, ქალაქ ოზურგეთში, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ, საია-ს ოზურგეთის ოფისში მედიასთან და არასამთავრობო სექტორთა შეხვედრა გამართა.
ტრაპაიძემ პირველ ეტაპზე ჩატარებული საყოველთაო-სახალხო განხილვებთან დაკავშირებით გამოვლენილ ხარვეზებსა და გარემოებებზე ისაუბრა:
“2017 წლის 15 მაისს დასრულდა კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვების პირველი ეტაპი. ამ ეტაპისთვის გაიმართა 10 საყოველთაო-სახალხო განხილვა, ამათგან ერთ-ერთი _ თბილისის შეხვედრა ჩაიშალა.
საქართველოში წინა წლებში არსებული პრაქტიკა საერთო სახალხო განხილვების მიმართულებით აჩვენებდა, რომ მისი მიზანი იყო არა საზოგადოების აზრის თავისუფლად მოსმენა, არამედ აღნიშნული ეტაპის მხოლოდ ფორმალურად გავლა და ცვლილებებისათვის მხარდაჭერის ხელოვნურად მობილიზება. სამწუხაროა, რომ აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა ვერც მიმდინარე განხილვების დროს შეიცვალა.
საია, რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მეშვეობით, მონაწილეობდა და აქტიურად ადევნებდა თვალს მიმდინარე განხილვებს. სამწუხაროდ, პირველი ეტაპის განხილვები ისე იყო დაგეგმილი და წარმართული, რომ მან ფართო საზოგადოებას არ მისცა სათანადო შესაძლებლობა, თავისუფლად და აქტიურად ჩართულიყო განხილვების პროცესში. მეორეს მხრივ – ჩატარებული განხილვები არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას რეალურად სურდა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მოესმინა მოქალაქეების მოსაზრებები, განსაკუთრებით ხელისუფლების პოზიციებისგან განსხვავებული მოსაზრებები. აღნიშნულმა არსებითად დააკნინა საერთო-სახალხო განხილვების როლი და მნიშვნელობა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში.
პირველ ეტაპზე ჩატარებული საყოველთაო-სახალხო განხილვების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გამოვყოთ შემდეგი ხარვეზები:
არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა _ საერთო-სახალხო განხილვების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა არ არის სრულყოფილი. განხილვის წარმართვის ერთთვიანი ვადის გარდა, პარლამენტის რეგლამენტი, პრაქტიკულად, არც ერთ საკითხზე არ ითვალისწინებს დეტალურ წესებს. შესაბამისად, ისეთი მნიშვნელოვანი პროცედურული ეტაპები, როგორებიცაა: საორგანიზაციო კომისიის დაკომპლექტება, საყოველთაო-სახალხო განხილვის გრაფიკის შედგენა/გამოქვეყნება, დაინტერესებული მოსახლეობის დროული ინფორმირება, უშუალოდ განხილვის წარმართვის ფორმატი, გამოთქმული მოსაზრებების შეჯერება/გაზიარება და სხვა მსგავსი საკითხები მთლიანად პრაქტიკის დასარეგულირებელია. ამ დრომდე არსებულმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ დეტალური საკანონმდებლო ბაზის არ არსებობა ფართო შესაძლებლობას ტოვებს პროცესი ისე იყოს წარმართული, როგორც ეს მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია.
საყოველთაო-სახალხო განხილვების პირველი ეტაპის ფარგლებში განხილვების გრაფიკი არაგონივრულად მცირე დროით ადრე გახდა ცნობილი, როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრებისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის. აღნიშნულის ფონზე, ცხადია, ვერ იქნა უზრუნველყოფილი დაინტერესებული პირების დროული ინფორმირება და სრულყოფილი ჩართვა პროცესში. გარდა აღნიშნულისა, არსებობდა გარკვეული ბუნდოვანება საყოველთაო-სახალხო განხილვების გამართვის ადგილთან მიმართებით. მაგალითად, თბილისში დაგეგმილი საყოველთაო-სახალხო განხილვის გამართვის საბოლოო ადგილი ერთი დღით ადრე შეიცვალა გაურკვეველი მიზეზების გამო.
დაფიქსირდა შემთხვევა, რა დროსაც დაბრკოლებები შეიქმნა საყოველთაო-სახალხო განხილვაზე დასწრების კუთხით. კერძოდ, ზუგდიდში ორგანიზებულ შეხვედრაზე, მიუხედავად საია-ს წარმომადგენლის მცდელობისა, მან ვერ შეძლო შენობაში დროულად მოხვედრა. მაშინ, როდესაც, იმავე დროს დაცვის სამსახური თავისუფლად ატარებდა მუნიციპალიტეტის მაღალი თანამდებობის პირების მოთხოვნით ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. საბოლოო ჯამში, როდესაც ჩვენი წარმომადგენლისთვის შესაძლებელი გახდა შენობაში შესვლა, დარბაზი მთლიანად გადავსებული აღმოჩნდა. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა კი განხილვაზე დასწრება საერთოდ ვერ შეძლო.
ფაქტობრივად, ამ დრომდე გამართულ ყველა განხილვაში დაფიქსირდა, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მობილიზება. ასეთ პირებს უმეტესწილად, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირებში, საჯარო სკოლებსა და ბაღებში დასაქმებული პირები წარმოადგენდნენ. აღნიშნული თავად პარლამენტის თავმჯდომარემაც აღიარა.
განხილვებმა ცხადყო, რომ დასახელებული პირების შეხვედრებში ორგანიზებულად ჩართულობის მიზანს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობის ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისათვის სასურველი მიმართულებით წარმართვა და მხარდამჭერი მესიჯების გაჟღერება წარმოადგენდა და არა – საზოგადოების წარმომადგენელთა აზრის თავისუფლად გაგონება.
დარბაზებში განთავსებულ მიკროფონებთან წინასწარ ხდებოდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფების მობილიზება. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, რა დროსაც აღნიშნული ადამიანები განხილვაზე მისული იყვნენ წინასწარ შედგენილი კითხვებით.
განხილვებისას, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საორგანიზაციო კომისიის პოლიტიკოსი წევრები საკუთარი მოხსენებისას საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ პოლიტიკურ განცხადებებს. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები აფიქსირებდნენ შეხედულებებს, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან. ეს კი იწვევდა საყოველთაო მსჯელობის მიმართულების ცვლილებას, რაც ნეგატიურად აისახებოდა საყოველთაო-სახალხო განხილვების ხარისხზე“, _ განაცხადა თამაზ ტრაპაიძემ და ასევე აღნიშნა, რომ დასახელებული ხარვეზები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპზე:
“მიღებულ იქნეს ყველა საჭირო ზომა საყოველთაო-სახალხო განხილვებში დაინტერესებული საზოგადოების დაუბრკოლებელი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, როგორც დასწრების, ასევე, შეხედულების გამოხატვის კუთხით;
შეხვედრებისთვის განსაზღვრული დრო მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული საგნობრივი დისკუსიებისთვის;
პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ საკუთარი აქტივისტებისა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მობილიზებისგან, ამ პირთა ინტერესის დაკმაყოფილება დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიულ და სხვა სახის ღონისძიებებზე უნდა ხდებოდეს და არა საყოველთაო-სახალხო განხილვების მეშვეობით, რაც არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის ლეგიტიმურ მიზანს;
სამომავლოდ, ასევე, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს საყოველთაო-სახალხო განხილვების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, არსებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით“, _ განაცხადაა საია-ს ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა.