სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ირაკლი ლაბაძე ისრაელის მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამსართულიანი სახლის აშენების ნებართვის გაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 აშშ დოლარის გადახდა.
როგორც “გურია ნიუსს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ლაბაძემ ისრაელის მოქალაქეს წინასწარ გამოართვა ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 7500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირაკლი ლაბაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.