ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. ისანში, “არქის” კორპუსის ეზოში სამი ადამიანი, დედა, მამა და შვილი გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც კორპუსში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ პირველად 20-ე სართულიდან შვილი გადმოვარდა, შემდეგ დედა და ბოლოს მამაკაცი. “02:30 საათზე მოხდა, ჯერ ბავშვი გადმოვარდა, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი. საშინელი ხმა იყო. დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი იქნებოდა. ქირით იყვნენ, ეს იმდენად მასშტაბური კომპლექსია, თითქმის ყველა ბინა გაქირავებულია, ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო, წამებში ბავშვი გადმოჰყვა, მერე დედა და რაღაც უმნიშვნელო ინტერვალში მამაკაცი” – უყვება Ambebi.ge-ს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადგილობრივი “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, რომ სიმაღლიდან ვარდნისას არცერთ მათგანს არ უყვირია:
“არ ვიცი, როდესაც სიმაღლიდან ვარდება ადამიანი, ალბათ ინსტიქტურად მაინც უნდა დაიყვიროს, მაგრამ სამივე ისე გადმოვარდა, რომ ვარდნისას არ უყვირიათ. მეზობლებმა ისიც კი იფიქრეს, უკვე დახოცილები ხომ არ იყვნენ და ისე გადმოყარესო“, – ამბობს მეზობელი.






























































