ძალიან ხშირად გვესმის ტერმინი _ “ტყის მდგრადი მართვა“, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ რას ნიშნავს იგი.
ტყის ეკოსისტემები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სხვადასხვა მიზეზის გამო და მათ სწორ მართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ტყეები ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, ნახშირბადის შთანთქმას და კლიმატის რეგულირებას, რაც განაპირობებს მათ კრიტიკულ როლს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლასა და ჯანსაღი და სტაბილური გარემოს შენარჩუნებაში.
აღნიშნულ მარეგულირებელ ფუნქციებთან ერთად, ტყეები გვაწვდიან ისეთ აუცილებელ რესურსებს, როგორიცაა სუფთა წყალი, მერქანი, სამკურნალო მცენარეები და სხვა
არამერქნული პროდუქტები და ხელს უწყობენ ადგილობრივი შემოსავლის წყაროების გაჩენას და ეკონომიკის გაძლიერებას.
ამდენად, უმნიშვნელოვანესია ტყეების ისეთი მეთოდებით მოვლა და გამოყენება, რომ მათ შეინარჩუნონ ბიომრავალფეროვნება, პროდუქტიულობა, თვითაღდგენის შესაძლებლობა და ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა, რათა, ახლაც და მომავალშიც, შეასრულონ შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე.
ტყის მოვლა-გამოყენების სწორედ ასეთი მეთოდების ერთობლიობას ეწოდება ტყის მდგრადი მართვა და ის პირდაპირ უწყობს ხელს იმ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და სიძლიერეს, რომელიც, არსებობისათვის და ეკონომიკური შესაძლებლობებისათვის, ტყეებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ტყის ეკოსისტემები და მათი მდგრადი მართვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა როგორც გარემოს, ასევე ადამიანის კეთილდღეობისთვის.
საქართველოში ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნები უჭერენ მხარს და ფინანსურადაც ეხმარებიან. ჯერ კიდევ 2023 წელს, ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე პროექტ ECO.Georgia-ს ინიციატივით, გამოცხადდა საპროექტო იდეების კონკურსი, რომელიც რვა სამიზნე მუნიციპალიტეტს, მათ შორის, მთელ გურიას მოიცავდა. ECO.Georgia საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის პროექტია, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ ფინანსდება და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს მთავრობის მიერ ხორციელდება. პროექტში, საწყისი ეტაპიდანვე აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მუნიციპალური თვითმმართველობა.
კონკურსის მთავარი მიზანი იყო ტყის მდგრადი მართვიდან მიღებული სარგებლის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ადგილობრივ თემებში, ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება, თვითინიციატივების სტიმულირება, ტყის რესურსების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. იდეების კონკურსის მთავარი პირობა იყო, რომ იდეები აუცილებლად არაკომერციული ხასიათის უნდა ყოფილიყო და ადგილობრივი თემის, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა-გაუმჯობესებას მომსახურებოდა.
მიღებული საკონკურსო იდეები სპეციალურად ამ კონკურსისთვის შერჩეულმა კომისიამ შეაფასა, რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებისა და GIZ-ის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
კონკურსში გურიიდან ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის _ “ჩვენი ხე(ლ)ებით”! _დირექტორი აკაკი სიხარულიძე სოფელ ბუკისციხიდან, ამბობს, რომ პროექტი სასარგებლოს, საჭიროს და სასიამოვნოს შეთავსებას შეძლებს:
_ ჩოხატაურში, ბუკისციხისა და საყვავისტყის (დაბლაციხის თემი) მიჯნაზე, ჩვენი ვენახების ახლოს, მცირე მდინარის ორპირას ხეობაში ძალიან ლამაზი ადგილია.
სამწუხაროდ, ადგილის ნაწილი სტიქიურ ნაგავსაყრელადაა ქცეული;
სტიქიური ნაგავსაყრელი მდინარე ორპირას ხეობაში
დანგრევის პირასაა აქვე მდებარე საერთო სარგებლობის წისქვილი;
აქვე მდებარე საბანაო “ჭა“ და მცირე ჩანჩქერი ეკალ-ბარდებს მიაქვს… აქაურობას ხშირად სტუმრობენ დროის გასატარებლად, ანთებენ კოცონს, ტოვებენ ჭიქების ნამსხვრევებს, პლასტიკის ნარჩენებს…
ჩვენი გუნდი მიიჩნევს, რომ ბუნების სიყვარული, გასვლა ბუნებაში, პასუხისმგებლობას და ზრუნვასაც მოიცავს.
გადავწყვიტეთ, სწორედ ამ კონკურსისთვის შეგვეთავაზებინა იდეა “ჩვენი ხე(ლ)ებით”, რომელიც მასშტაბური პროექტის ნაწილია _ ჩვენივე ხელებით, ჩვენივე ხელებით და ჩვენივე ინიციატივით ამ ტერიტორიაზე ნებისმიერ პირს დავეხმაროთ დარგოს “საკუთარი“ ხე, შევამციროთ ხანძრის რისკი საცეცხლე წერტილების, საპიკნიკე ადგილების მოწყობით; შევინარჩუნოთ სისუფთავე ბიოტუალეტების განთავსებით, გავწმინდოთ ეკალ-ბარდებისგან ბილიკები, ძველი ჩამურის ნამყოფი ადგილები, აღვადგინოთ საერთო სარგებლობის წისქვილი, რომელიც დანგრევის პირასაა და ახლა უფუნქციოა…
სხვათაშორის, ეს წისქვილი ბაბუაჩემის ლექსის წყალობით, საქართველოს ფოლკლორული საღამოების “გმირი“ იყო…
საერთო სარგებლობის წისქვილი
მოკლედ, მცირე თანხით, რომლითაც პარტნიორი ორგანიზაციები გვეხმარებიან, გავაკეთოთ ბევრი, რადგან, ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებრივი ვალდებულებაა.
თუ რას ვგეგმავთ, ამაზე კიდევ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, მაგრამ ერთი კი აუცილებლად მინდა გითხრათ: ტერიტორია, რომელზეც ვსაუბრობთ, გასულ საუკუნეში ულამაზესი შერეული ტყით იყო დაფარული. ეს ტყე ჩოხატაურელმა, გურულმა მეტყევეებმა საკუთარი ხელებით გააშენეს და ამ სამუშაოებს ჩვენი ბაბუა მამია მამალაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მაშინ საკოლმეურნეობათაშორისი სატყეო მეურნეობის დირექტორი იყო.
ხეობაში მიმავალი გზა ხშირად იმეწყრება
სამწუხაროდ, 90-იან წლებში, აქაურობა პირწმინდად გაიჩეხა და ტყემ ჯერ კიდევ ვერ შეძლო თვითაღდგენა.
შევეცდებით “გენეტიკური ვალდებულება“ შევასრულოთ _ შემოდგომამდე აქაურობა მომსვლელისთვის _ კომფორტული, გარემოსთვის _ არადამაზიანებელი გავხადოთ. შემოდგომაზე კი გელით ნებისმიერ მსურველს, პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, ვისაც გსურთ, რომ საკუთარი ხე გყავდეთ ორპირას საერთო ტყეში; გელით თქვენი ხელებით და თქვენი ხეებით! _ ამბობს აკაკი სიხარულიძე.
































































