მთავარი პროკურატურა ახალ ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. უწყების ცნობით, საუბარი ციხეში, 10 სექტემბერსაა ჩაწერილი:
“მთავარი პროკურატურა დაპირებისამებრ, კვლავ განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.
ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარ6იძე და დავით ცუხიშვილი.
მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა.
ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით,” _ აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩანაწერი 2 საათზე მეტს გრძელდება და საგამოძიებო უწყებამ ის გაშიფვრის გარეშე გაასაჯაროა. წინა ჩანაწერისგან განსხვავებით, დღეს წარმოდგენილ ფაილში არც ტიტრებია და არც მოქმედი პირების გვარ-სახელები წერია. თუმცა, თუ ადრე გავრცელებულ ჩანაწერებს შევადარებთ საუბარი სუბელიანს, ჯაფარიძეს და დავით ხუციშვილს შორის მომდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე უცნობია, როგორ მოხვდა წინასწარ პატიმრობაშ მყოფ სუბელიანთან ციხეში დავით ხუციშვილი, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელია.