ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ლანჩხუთელ ვეტერანებს, რომლებიც მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში შეიკრიბნენ ცხრა მაისის აღსანიშნავად. შემდეგ კი ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩიბათში შინმოუსვლელთა მემორიალი შეამკეს ყვავილებით.
„სრულიად ახალგაზრდა, 19 წლისაც არ ვიყავი ჯარში რომ გამიწვიეს. მე ქართულ დივიზია 414-ში ვიბრძოდი. მომიწია ბრძოლები ჩრდილოეთკავკასიაში, ყირიმში, ქერჩში, სევასტოპოლში.
გასახსენებელი თითქოს ბევრია, მაგრამ მიჭირს. ძნელია გაიხსენო ის ყველაფერი, რაც გამოვიარე. უამრავი თანამებრძოლის სიკდვილი ვიხილე საკუთარი თვალით, დღემდე მიძნელდება ამის გახსენება. ყველამ იცის, რომ სწორედ ფრონტის ამ ხაზის მიმართულებით დაიღუპა ყველაზე მეტი ქართველი, ენით აღუწერელი ბრძოლები იყო“, _ იხსენებს ომგამოვლილი 96 წლის ლანჩხუთელი, ვეტერანი გივი მენაღარიშვილი.
დღევანდელი მონაცემებით, ლანჩხუთში მეორე მსოფლიო ომის ცხრა ვეტერანი ცხოვრობს, რომელთაც ცხრა მაისის თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტისგან საჩუქრად 300-300 ლარი გადაეცათ.