გატაცების საქმეზე, რომელზეც ათკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, პირველი არხისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
წყაროს ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ.
მამაკაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია. დაკავებულებს შორის არის ქალბატონის შვილი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს და ამბობს, რომ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია და დედისა და მამინაცვლის გეგმებზე ინფორმაცია არ გააჩნდა.
მისი ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გატაცების მომენტში დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ის დააკავეს ნაცნობობიდან გამომდინარე. ახლა თავად გამოძიებაც ადგენს დეტალებს, გარემოებებს. ის უდანაშაულოა და ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია”, – აცხადებს ადვოკატი.
ინგა შარაშენიძე გატაცების საქმეში საერთო ჯამში ორი პირის უფლებებს იცავს, ადვოკატის თქმით, ორივე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
„ორივეს შევხვდი, ორივეს ვესაუბრე, ისინი უდანაშაულოები არიან. მართალია, მათ რიგებში აღმოჩნდნენ, მაგრამ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ არც გატაცებასთან, არც გამოძალვასთან და შესაბამისად, არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ ნაცნობობა არსებობს რამდენიმე პირს შორის. ისინი გამოძიებას ჩვენებას მისცემენ”, – აცხადებს ადვოკატი.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს დაკავებულებს სავარაუდოდ დღის ბოლომდე წაუყენებენ.
პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებული ქალბატონი გუშინ შეუძლოდ გახდა და ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იყო გადაყვანილი.
წყარო: 1tv.ge