„გურია ნიუსის“ რედაქციას, ოზურგეთის ოფისში, დილაადრიან ესტუმრა უერთგულესი მკითხველი სოფელ შემოქმედიდან, შორენა სიმონიშვილი.
გაზეთს სოფელში ვუგზავნით, თუმცა ზოგჯერ რედაქციაშიც გვსტუმრობს.
ახალი ნომერი ჯერ არ მიგვიღიაო, როგორც კი ვუთხარით, უცებ მოგვაგება, გაზეთისთვის არ მოვსულვარ, ვიცი, რომ გამომიგზავნით, სიტყვა მაქვსო…
მოსასმენად მოვემზადეთ.
ქალბატონი შორენა პენსიონერია, მარტოხელა, უსაზღვროდ შრომისმოყვარე და როგორც თავის თავს უწოდებს, ჩვენი გაზეთის „წანწალა მკითხველი“.
_ხომ ვერ გვეტყვით , რა ხდება? ყველაფერი რომ ყოველდღე ძვირდება, რას გვიპირებს ხელისუფლება? ვინ აძვირებს, არ ვიცითო, მაღაზიებში რომ გვეუბნებიან, აბა, ვინ იცის? ნახეთ, პურისფქვილი, 25 კილოგრამიან ტომარა უკვე 46 ლარი ღირს. გაყინული კუჭი, შეკვრა რომ 3 ლარი ღირდა, რვა ლარი ღირს… კუჭი არ ჩაყოლოდეთ მიწაში, რავა ვთქვა და… გაბრაზებული როგორ არ ვიყო? პენსია წამლებში იხარჯება. საკვები რით ვიყიდო? ჩემსავით ბევრია გაბრაზებული. ამიტომ შემოვიარე. თქვენთან საუბარი მინდა…
როცა ვუთხარით, ფასების ზრდის თაობაზე, აქტიურად ვწერთ-თქო…
_ კი, ვკითხულობ გაზეთში ფასების ზრდაზე, მაგრამ პასუხი ის არის, რომ უფრო აძვირებენ ყველაფერს? დაგვცინიან? ხალხს რომ აგდებულად არ უნდა მოექცნენ, ეტყობა, კარგად მაინც არ იციან „ ზემოთ“ _ გვითხრა ქალბატონმა შორენამ.
შემდეგ კი წამით შეყოვნდა, ერთ ანდაზას ვიხსენებ, არ ვიცი, კარგად თუ მახსოვსო… _ „გაჭირვებისას ხალხს მიაშურე და თუ ზურგი გაქციოს, ზღვას მიეცი თავიო“. მტავრობამ უნდა იცოდეს ეს . არ ვარგა ხალხის ასე გაჭყლეტა. ამიტომაც დარბოდნენ არჩევნებზე? რად უნდა ხალხს ხვეწნა, ხალხი უმადური არასდროსაა და იცის, ვინ აირჩიოს. ყველაფერი გაძვირდა მსოფლიოშიო, რომ იძახიან, ჩვენ რომ პენსიას ვიღებთ , იმ რაოდენობით იღებენ პენსიონერები მაგ ეევროპასა და ამერიკაში? ცოტა მწარედ გამომდის, მაგრამ ეს მინდოდა მეთქვა…არ გაგაცდენთ ახლა, წავალ, _ მოგვიბოდიშა ამ საოცარმა ქალბატონმა და კეთილი ღიმილით დაგვემშვიდობა.
ასეთი საოცარი ადამიანებისგან შედგება ჩვენი სახალხო კრებული. ადამიანები, რომლებსაც მცირედი გულწრფელი დამოკიდებულებაც ჰყოფნით… ოღონდ ნუ მოატყუებ…
ამჯერად უპასუხოდ დავტოვეთ (ან რა გვქონდა სათქმელი) ჩვენი საყვარელი ქალბატონი, ერთგული მკითხველი და ქვეყნის გულშემატკივარი. წასვლისას რომ თავისთვის ჩაილაპარაკა: „ამას ნამდვილად არ ველოდით, ხალხის უმრავლესობა დღესაც თუ ასე გაჭირვებული იქნებოდა და მთავრობის უმრავლესობა ასე მდიდარიო“.
[sexy_author_bio]