კახელების ხუმრობა და ენამოსწრებულობა ყველასათვის ცნობილია. რამდენიმე წლის წინ ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა თელავს ეწვია და ადგილობრივ თეატრში სპექტაკლი დადგა. იმ ამბის პერიპეტიებს მსახიობი პაატა გულიაშვილი ხშირად იგონებს.
„რამდენიმე წლის წინ თელავში რობიკო სტურუა ჩავიყვანე და თეატრში კლაისტის პიესა „გატეხილი ქოთანი“ დავდგით.
როგორც ინგლისელებს შექსპირი ჰყავთ, გერმანელებისთვის იგივე კლაისტია. მშვენიერი სპექტაკლი გამოვიდა, თუმცა მძიმე წარმოდგენაა და პრემიერის შემდეგ მაყურებელი მოაკლდა.
ამ ამბიდან ცოტა ხანში „ხანუმა“ წარმოვადგინეთ. პიესამ ქალაქში არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია და თეატრის დარბაზი მუდმივად სავსე გახლდათ.
ერთ დღესაც თელაველი ნაცნობი მომიახლოვდა და მეუბნება: – პაატა, ეს კლაისტის პიესა და „ხანუმა“ შარვალ-კოსტიუმივით არიანო. აი, ადამიანს ერთი გამოსასვლელი კოსტიუმი რომ აქვს და მხოლოდ საზეიმო დღეებში იცვამს, ეს „გატეხილი ქოთანიაო“, „ხანუმა“ კი ჯინსივითაა, ყოველთვის შეგიძლია ჩაიცვაო.“



































































